ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნეთანიაჰუს ოფისსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ნეთანიაჰუს ვიზიტი მას შემდეგ შედგა, რაც ისრაელურმა გაზეთმა Haaretz-მა მიმდინარე თვეში გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიხ მუჰამედმა 2023 წლის 7 ოქტომბრამდე დაახლოებით 1,5 კვირით ადრე ნეთანიაჰუ გააფრთხილა, რომ დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას გეგმავდა. Haaretz-ის ცნობით, გაფრთხილება ისრაელის სადაზვერვო უწყებებსა და სამხედროებს არ გადაეცა.
ნეთანიაჰუ ინფორმაციას უარყოფს და გაზეთს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. ამასთან, ისრაელის პრემიერს რთული წინასაარჩევნო კამპანია აქვს. ოპოზიციის ლიდერები ნეთანიაჰუს უსაფრთხოების სამსახურის ჩავარდნებზე პასუხისმგებლობას აკისრებენ, რის შედეგადაც „ჰამასი“ 2023 წლის 7 ოქტომბერს ქვეყანას თავს დაესხა.
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს მანამდე განუცხადა, რომ ქვეყანა უსაფრთხოების საკითხებს სხვა სახელმწიფოებთან „შესაბამისი უწყებების“ მეშვეობით განიხილავს და არა „ეროვნული ლიდერების დონეზე“.
მიმდინარე წლის დასაწყისში საამიროებმა უარყვეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი შეიხ მუჰამედი ნეთანიაჰუს შეხვდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა მაისში განაცხადა, რომ ნეთანიაჰუმ ყურის ქვეყანა „ფარულად მოინახულა“ და პრეზიდენტს შეხვდა.
შეხვედრასთან დაკავშირებულმა წყარომ მაშინ Reuters-ს განუცხადა, რომ ნეთანიაჰუ და შეიხ მუჰამედი 26 მარტს ალ-აინში შეხვდნენ.
ირანთან ომის დროს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა აშშ-სა და ისრაელთან ურთიერთობები გააძლიერა. ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყანამ 2020 წლის „აბრაამის შეთანხმებების“ ფარგლებში დაამყარა.
Reuters-ის ცნობით, ისრაელთან ურთიერთობა საამიროებს რეგიონში გავლენის გაძლიერების დამატებით შესაძლებლობას და ვაშინგტონთან კომუნიკაციის უნიკალურ არხს აძლევს.
