აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში, ოლნის რაიონში, სამართალდამცველები სახლს ხელახლა ჩხრეკენ, რომელიც სულ მცირე შვიდი გაუჩინარებული ქალის საქმეს უკავშირდება.
პოლიციის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ციფრული მასალების საფუძველზე, ხუთი ქალის გარდაცვალება, სავარაუდოდ, დადასტურებულია, თუმცა არც ერთი მათგანის ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ.
საქმე 2026 წლის ივნისში გააქტიურდა, როდესაც პოლიციამ რაიმონდ R.C. ჰორშის ყოფილ სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ჰორში, რომელიც 2025 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, ფოტოგრაფი და ფილმების რეჟისორი იყო. მის სახლში გამომძიებლებმა მილიონზე მეტი ფოტო და ვიდეო, ასევე, დაახლოებით, 50 მყარი დისკი აღმოაჩინეს.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ მასალებში შვიდი დაკარგული ქალი ფიგურირებს. მათ შორის არიან ბლერ ტონზელი, რომელიც 2023 წელს გაუჩინარდა, ჰორშის ყოფილი მეუღლე ემი მაკჰეილი, რომელიც 2016 წელს გაუჩინარდა, ასევე ნიკოლ ფუსარო, მარიბელ ფრესი და გაბრიელ ამარანდო. პოლიციის განცხადებით, ხუთი ქალის გარდაცვალების შესახებ ვარაუდს სწორედ ციფრული მტკიცებულებები ქმნის.
სახლში ჩატარებული ჩხრეკისას პოლიციამ ასევე აღმოაჩინა – იარაღი, ნარკოტიკები, ქიმიური ნივთიერებებით სავსე კონტეინერები და ხუთი ურნა ფერფლით. სამართალდამცველები ამოწმებენ, შეიძლება თუ არა მათი წარმომავლობა გაუჩინარებულ ქალებთან იყოს დაკავშირებული.
ამჟამად, გამომძიებლები მილიონზე მეტი ფოტო-ვიდეომასალის მხოლოდ ნაწილის შესწავლას ასწრებენ. ახალი ჩხრეკის ფარგლებში პოლიციამ შესაძლოა სახლის კედლებისა და იატაკის გარკვეული ნაწილებიც გახსნას, რათა შესაძლო ფიზიკური მტკიცებულებები მოიძიოს. სამუშაოები, არსებული გეგმით, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
რაიმონდ ჰორშს სიცოცხლეში ამ ქალების გაუჩინარებასთან დაკავშირებით ბრალი არ წაყენებია. მისი ვაჟი, 44 წლის იუჯინ ჰორში, ფედერალურ პატიმრობაში იმყოფება იარაღთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, თუმცა მას გაუჩინარებულ ქალებთან ან მათ სავარაუდო სიკვდილთან დაკავშირებით ბრალი არ აქვს წარდგენილი.
