ტაილანდში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა ქვეყნის არაერთ რეგიონს შეეხო. 16 სექტემბრიდან წყალდიდობა 42 პროვინციაში გავრცელდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი სულ მცირე 23-ს მიაღწია, მათ შორის ოთხი ადამიანი ბანგკოკში გარდაიცვალა.
ბანგკოკში რამდენიმე დღეში დაახლოებით 320 მმ ნალექი მოვიდა, რის შედეგადაც ქალაქის ქუჩები და საცხოვრებელი უბნები დაიტბორა. ზოგიერთ ადგილას წყლის დონემ წელის სიმაღლეს მიაღწია. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა ევაკუაციის ცენტრებში გადასულიყო.
წყალდიდობამ ქვეყნის მასშტაბით 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. სტიქიამ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა ტრანსპორტსა და ავიაციაშიც – ბანგკოკის სუვარნაბჰუმის აეროპორტში ათასობით ბარგი დაგროვდა, ხოლო Thai Airways-მა რამდენიმე რეისი გააუქმა.
ტაილანდის მთავრობამ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 4 მილიარდზე მეტი ბატის (დაახლოებით 119 მილიონი დოლარის) საგანგებო დახმარება დაამტკიცა.
ქვეყნის მასშტაბით სტიქიით გამოწვეული ზარალი უკვე დაახლოებით 367 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
