რუსეთმა კიევში მდინარე დნეპრზე მდებარე ჩრდილოეთის ხიდზე იერიში მიიტანა. ეს უკრაინის დედაქალაქის მნიშვნელოვან ხიდზე რუსეთის მიერ ზედიზედ მესამედ განხორციელებული თავდასხმაა, იუწყება უკრაინული მედია.
3 ოქტომბერს, დილით, კიევში აფეთქებები ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:30 საათზე გაისმა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია დედაქალაქისკენ დრონების მოახლოების შესახებ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ძლიერი აფეთქება ხიდზე, რომელიც კიევის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს. აფეთქების დროს ხიდზე ავტომობილები მოძრაობდნენ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილი და ტროლეიბუსების საკონტაქტო ელექტროგადამცემი ხაზები. დარტყმის შემდეგ ხიდზე მოძრაობა შეჩერდა. დაზიანების სრული მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია.
უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო თავდასხმა კიევში საკვანძო ხიდებზე რუსეთის მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებული იერიშების ნაწილია. 2 ოქტომბერს რუსულმა დრონმა დნეპრზე მდებარე სამხრეთის ხიდს დაარტყა. ეს ორ დღეში ხიდზე დრონით განხორციელებული მეოთხე დარტყმა იყო.
