აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნიდან დიზელის ექსპორტზე აკრძალვას არ დააწესებს. თეთრი სახლის ლიდერმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები დიზელისა და ნედლი ნავთობის საგანგებო რეზერვების გამოთავისუფლებაზე შეთანხმდნენ.
ტრამპის თქმით, ევროპას დიზელის დიდი რეზერვები აქვს და მიესალმება იმ ფაქტს, რომ ეს რესურსი მსოფლიოს მასშტაბით გადანაწილდება. თეთრი სახლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ნავთობის ფასი მალე დაეცემა, როგორც კი ირანთან ომი დასრულდება და შესაძლოა, მისი ფასი ომამდე არსებულ ნიშნულზე დაბალიც კი გახდეს.
„ევროპას დიდი რაოდენობით დიზელი აქვს და ისინი მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ, ჩვენც ასევე მოვიქცევით. ჩვენ არ ვაპირებთ ექსპორტის აკრძალვას. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ. ძალიან მალე ჩვენ ბევრი ნავთობი გვექნება, როგორც კი ირანთან ომი დასრულდება, რაც დიდხანს არ გაგრძელდება. ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ნავთობის ფასი დაეცემა, მაგრამ შესაძლოა, იმაზე დაბლაც კი, ვიდრე ეს აქამდე იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, 2 ოქტომბერს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის ფასების შესამცირებლად „კოორდინირებულად“ მუშაობაზე შეთანხმდნენ. იქამდე კი „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანიასა და საფრანგეთს მოუწოდა, საგანგებო შემთხვევებისთვის შექმნილი დიზელის მარაგებიდან საწვავი გამოეთავისუფლებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ დიზელის ექსპორტზე შესაძლო აკრძალვის დაწესებით დაიმუქრა.
