პენიტენციური სამსახურის თანახმად, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ დისციპლინური სახდელი ცხრაჯერ გამოიყენეს. ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარება. გამოძიების ინფორმაციით, ის ჯერ პოლიციელთან მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, 8-ჯერ ესროლა და წელის არეში დაჭრა, რაც გავრცელებულ კადრებშიც ჩანს. სასამართლოს ვერდიქტით, მას 17 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ამ ყველაფრის ფონზე, მმართველ გუნდში ცრუ ბრალდებასა და დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაზე საუბრობენ.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ დღეს ციხეებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია, ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა კი “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა იყო, რისი დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს.
“საერთოდ, როგორ ბედავენ სისტემური და სისტემატური მწამებლური სისტემის შემქმნელები, რეჟიმის შემქმნელები, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წევრები, პენიტენციური დაწესებულების ზოგადად ხსენებასაც კი. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა საქმიანობაც შეფასებულია სტრასბურგის სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში.
მეორე მხრივ, როდესაც კონკრეტული ადამიანი ამ უმძიმეს ბრალდებას აჟღერებს, რასთან დაკავშირებითაც შესწავლა განხორციელდა, როგორც სახალხო დამცველის მხრიდან, მისი აპარატის მხრიდან, ასევე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან და არ დადასტურდა ასეთი ფაქტი, შემდეგ ეს ყველაფერი ინფორმაცია გაჟღერდა ზუსტად იმავე დღეს თუ ერთი დღის შემდეგ, როდესაც “საიამ” კვლევა გამოაქვეყნა და თავისი მიმართვა გავრცელდა პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით.
ამ ყველაფერს აჰყვა შემდეგ კოლექტიური “ნაცმოძრაობა,” მათი წევრები, მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები და მათ მიერ მართული მედია. ეს ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ კამპანიას ისევ და ისევ პენიტენციური სისტემის რეპუტაციის დასაზიანებლად და, ზოგადად, მთელი ჩვენი გუნდის და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად.
არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ვინმეს უღირსად და არაადამიანურად მოეპყრონ და ისევ და ისევ ჩვენი გუნდი იქნება, პირველ რიგში, ვინც ხმას აიმაღლებს,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯვარდებულ გიორგი დავითაძის ბრალდებებს, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, უკვე უპასუხა. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, უწყება ასაჯაროებს დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს, რა დროსაც, პატიმრის მტკიცებით, მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა, რაც, უწყების განცხადებით, არის სრული სიცრუე.
პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას, მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, რაზეც გიორგი დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დავითაძის საქმე და ვიდეოჩანაწერები დეტალურად შეისწავლა სახალხო დამცველის აპარატმაც. ომბუდსმენის ინფორმაციით, აპარატმა მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა.
