აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და რუსეთის ხელისუფლების მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გაფართოვდა და ახლა ნავთობის მრავალმილიარდიან გარიგებასაც მოიცავს, რომელმაც შესაძლოა სარგებელი მოუტანოს ახლო აღმოსავლეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, რომლებსაც კავშირები აქვთ აშშ-ის მთავარ მომლაპარაკებლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.
გარიგება, რომელიც აშშ-ის მთავრობისა და კრემლის თანხმობაზეა დამოკიდებული, რუსული ენერგოკომპანია Lukoil-ის კუთვნილ მსოფლიოში განთავსებული ნავთობის საბადოების, გადამამუშავებელი ქარხნებისა და ბენზინგასამართი სადგურების ფართო პორტფელს ეხება, წერს გამოცემა.
The New York Times-ის ინფორმაციით, გარიგების განხორციელებას ცდილობს ჯგუფი, რომელშიც შედის ამერიკელი ინვესტორი ტოდ ბოილი, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პოლიტიკისთვის 2 მილიონი დოლარი შესწირა, ორი ახლო აღმოსავლური ჯგუფი, რომლებსაც ბიზნესურთიერთობები ჰქონდათ კუშნერთან და უიტკოფის ოჯახთან, ასევე თავად აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი უწყება.
მრავალთვიანი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია The New York Times-ს რვა ადამიანმა მიაწოდა, რომლებიც პროცესს იცნობენ. ისინი გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, რადგან მოლაპარაკებები მგრძნობიარე საკითხებს ეხება.
გამოცემის ცნობით, არ არსებობს ინფორმაცია, რომ თავად კუშნერი ან უიტკოფი გარიგებიდან ფინანსურ სარგებელს მიიღებენ. თუმცა, მოსალოდნელი შეთანხმება პირადი ბიზნესკავშირებისა და გეოპოლიტიკის უჩვეულო გადაკვეთას წარმოადგენს, მათ შორის იმ ადმინისტრაციის პირობებშიც კი, რომელიც ინტერესთა შესაძლო კონფლიქტთან დაკავშირებულ შეშფოთებას არაერთხელ უარყოფდა.
სამმა წყარომ, რომლებიც შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, The New York Times-ს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გარიგების საკითხი 5 სექტემბერს კრემლში უიტკოფთან და კუშნერთან შეხვედრისას წამოჭრა.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, პუტინმა გარიგების განხორციელება რუსი ხალხისთვის იმის საჩვენებლად შესთავაზა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის კვლავ შესაძლებელია ბიზნესის წარმოება.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ამერიკელმა წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ საკითხზე იმუშავებდნენ. მათი შეფასებით, გარიგება შესაძლოა კრემლთან კეთილგანწყობის შექმნისა და გლობალური ენერგორესურსების ფასების შემცირების საშუალება გამხდარიყო.
ამასთან, გარიგება მყიდველებისთვის ფინანსურად მომგებიანიც არის. აშშ-ის მიერ გაყიდვის დამტკიცების შემთხვევაში, Lukoil-ის აქტივები ამერიკული სანქციებისგან გათავისუფლდება, რაც მათ ღირებულებას დაუყოვნებლივ გაზრდის, წერს გამოცემა.
