საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
მთავრობის მეთაური გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს.
დღევანდელი მდგომარეობით კახეთში გადამუშავებულია 196 384 ტონა ყურძენი.
გადამუშავებული ყურძნის 99% – 194 741 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა. ჩაბარებული ყურძნის მხოლოდ 1% – 1 643 ტონაა უხარისხო და მკვახე.
კახეთში ყურძნის მოსავალი 13 800-მდე მევენახემ დააბინავა.
გადამუშავებული ყურძნიდან 97 ათასი ტონა საფერავი, 86,2 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
„ველოდებით სარეკორდო მაჩვენებელს. წლევანდელი წელი გამორჩეულად მოსავლიანია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს – შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გლეხები და ფერმერები მეტ ყურადღებას აქცევენ შაქრიანობას, დამწიფებას, რაც საბოლოო ჯამში აისახება ქართული ღვინის ხარისხზე. დაახლოებით სამ-ოთხ კვირას გასტანს კიდევ ყურძნის ჩაბარება და რეკორდული მოსავალი სათანადოდ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს უჭერს მევენახეებს, მეღვინეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.
რთველის საკოორდინაციო შტაბში პრემიერ-მინისტრი მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.













