ჩვენ ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო სხდომის დარბაზში და ვიყოთ ძალიან კორექტულები. ეს არ არის ის ადგილი, სადაც არაკორექტული საუბრის ფორმას ექნება ადგილი, – ასე მიმართა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი განიხილება. წითლიძემ სასამართლოს შემადგენლობას კლანი უწოდა.
„თქვენ თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან. აქ არის სასამართლო სხდომის დარბაზი, სადაც მოქმედებს თავისი წესები, რეგლამენტი და კანონი. შეფასებებში თავისუფალი ხართ, ოღონდ სხვაგან.
მესმის, რომ დარბაზში ბევრი პოლიტიკოსი ბრძანდებით. სასამართლო არ არის ის ადგილი, ამ ლექსიკითა და ასეთი ფორმით ისაუბროთ. თუ მოსამართლეთა მიმართ გაქვთ აცილება, ეს თქვენი უფლებაა, თუ რაიმე არ მოგწონთ მოსამართლეთა მიმართ სამართლებრივ ჭრილში, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ თუ მხარე ამას მუდმივად გააგრძელებს, მივიღებ შესაბამის ზომებს. ისაუბრეთ იმ ლექსიკით, რაც შეეფერება სასამართლოს და განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს“, – განაცხადა მოსამართლემ.
