კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის დამკვეთები და სცენარისტები ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
კლიჩკოს თქმით, ხელისუფლების შიგნით არსებობს ჯგუფი, რომელიც მის თანამდებობიდან გადაყენებას ცდილობს.
„ამ პროტესტის დამკვეთები და სცენარისტები ცნობილია. ყველაფერი კეთდება, რომ სამხედრო ადმინისტრაცია შეიქმნას, დაწესდეს პირდაპირი კონტროლი, ვერტიკალი აშენდეს და ადგილობრივი თვითმმართველობა განადგურდეს. მთავარი მიზანი, ისევე როგორც გაჟღერებული ლოზუნგები, სრულ თანხვედრაშია ცენტრალური ხელისუფლების რიტორიკასთან. გაუგებარია, როგორ მივიდნენ ამ დასკვნებამდე იმ პირობებში, როდესაც გათბობის სეზონი ჯერ არც დაწყებულა, თუმცა ზოგიერთმა უკვე გადაწყვიტა, რომ მისთვის მომზადება არ მომხდარა“, – აღნიშნა კლიჩკომ.
კიევის მერს არ დაუკონკრეტებია, ვინ შეიძლება იდგეს აქციის ორგანიზების უკან.
კლიჩკო ასევე გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც კიევში თავშესაფრების არარსებობას უკავშირდება. მისი განცხადებით, დედაქალაქში 4 000-ზე მეტი თავშესაფარია. მერის თქმით, თავშესაფრებისთვის საჭირო თანხები ადმინისტრაციებს გამოეყოთ, თუმცა ეს რესურსი არ გამოუყენებიათ.
„არცერთ ადმინისტრაციას თავშესაფრების მოთხოვნით არ მოუმართავს“, – განაცხადა კლიჩკომ.
კლიჩკომ ასევე განაცხადა, რომ ელექტროენერგია მის საცხოვრებელ ბინაშიც ითიშება, თუმცა, მისი თქმით, სახლში საკმაოდ გვიან ბრუნდება.
