მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დღეს დასრულდა. საერთაშორისო სწავლების დასრულება ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა,რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელ სწავლებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ევროპაში აშშ-ის არმიის G3-ის უფროსი, ბრიგადის გენერალი თიმათი დოჰერთი, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. საჩვენებელი საველე სწავლების სცენარი თავდაცვით და კონტრშეტევით ამოცანებზე იყო დაფუძნებული. წვრთნებში მონაწილე მრავალეროვნულ ასეულს არაპირდაპირი ცეცხლით მხარდაჭერა საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის დანა ბატარეამ და ამერიკულმა საარტილერიო ბატარეამ გაუწიეს. ტანკსაწინააღმდეგო ამოცანების შესრულებისას, აშშ-ის ევროპული სარდლობის II კავალერიის პოლკის სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინით“ დააზიანეს.
წვრთნაში ჩართული იყო ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის ტანკი, ამერიკული ტანკი „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“. კონტრშეტევითი ამოცანების შესრულების დროს, ძირითად ძალებს მხარი საინჟინრო გამრღვევმა მანქანამ „მიკლიკი“-მ დაუჭირა, რომელმაც პირობითი მოწინააღმდეგის პოზიციებზე გასასვლელი გააკეთა. „ღირსეული პარტნიორი 2017“- ში მონაწილე ქვედანაყოფს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ევროპაში აშშ-ის არმიის G3-ის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა თიმათი დოჰერთიმ მიულოცეს. დასკვნითი ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოებით დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა უწყებრივი მედლით – „გენერალი კვინიტაძე“ სწავლების შტაბის უცხოელი და ქართველი ოფიცრები დააჯილდოვა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი ქართველ ოფიცრებს სწავლების წარმატებით დაგეგმვისა და აღსრულებისთვის უწყებრივი მედალი – „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა.
,,ღირსეული პარტნიორი 2017“ სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას ემსახურებოდა. „ძალა პარტნიორობაშია“ – მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მთავარი გზავნილი იყო, რომელსაც საქართველომ წელს უკვე მესამედ უმასპინძლა. წლევანდელი სწავლება ყველაზე უფრო ფართომასშტაბიანი იყო და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა – საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა მონაწილეობდა.
მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა
2017/08/12 16:34:23
კომენტარები
ნანახია: 1340 ჯერ