საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში თურქული “ბეშიქთაშისა” და ისრაელის “ჰაპოელ ბეერ შევას” საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა.
თამაზაშვილმა დროშის ჩამოხსნის მიზეზები განმარტა.
“დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით (თურქმა კოლეგამ) იკითხა, თუ რატომ გახდა ამისი აუცილებლობა და ვუპასუხე მე, რომ ეს არ იყო ჩვენი მხარის, კადრებშიც ჩანს – იქ სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიდის.
ეს კანონი არის მოწესრიგებული უეფას მიერ. ისეთი შინაარსის ბანერები, მათ შორის დროშები, რომელმაც შესაძლოა სპორტული ღონისძიების დროს გამოიწვიოს მღელვარება და დაძაბულობა, არის აკრძალული, იკრძალება.
ყველა საერთაშორისო მატჩის წინ ტარდება წინა მატჩის თათბირი. ამ თათბირზე განიხილება მსგავსი ტიპის საკითხები. მათ შორის, განხილული იყო ეს საკითხი და უეფას წარმომადგენლების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გარდა თურქული მხარის, ისრაელის სახელმწიფო დროშის და საქართველოს სახელმწიფოს დროშის, ისიც რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკები არ უნდა გამოყენებულიყო.
აი, ეს პირობა იყო ამ შემთხვევაში დარღვევა და უეფას დელეგატმა მიუთითა, რომ შეთანხმებისამებრ ეს უნდა აიღოთო. ის თანამშრომელი, ვინც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე, იყო თურქული “ბეშიქთაშის” მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია, რომელსაც ევალებოდა ეს ქმედება”, – განმარტა შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰა პოელ ბეერ შევას” მატჩის დროს, გუკლშემატკივრები თამაშის დროს ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
უთანხმოება ჯერ ქუჩაში დაიწყო, შემდეგ კი სტადიონზეც გადაინაცვლა. აგრესიულად განწყობილმა გულშემატკივრებმა სტადიონზე არსებული სკამები და სხვა ინვენტარი დააზიანეს. არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი შეურცხყოფა პოლიცილებეს, არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 პოლიციელი, დააკავეს 16 ადამიანი.
დაპირისპირების გამო თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. შეგახსენებთ , რომ მატჩი “ბეშიქთაშის” მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ “უეფას” აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო.
“უეფამ” მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ თამაშის ნეიტრალურ მოედანზე – ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
