ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „იმედის’’ ეთერში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ მეუფე გულწრფელი არ არის და ფარისევლობს.
როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გავლენის თაობაზე თავად მეუფე დიმიტრისთვისაც კარგად არის ცნობილი.
„ამ ქალის გავლენებზე მთელმა საზოგადოებამ იცის, ყველამ იცის, ვისაც საპატრიარქოსთან შეხება ჰქონია, მათ შორის მეუფე დიმიტრიმაც იცის. მეუფე გულწრფელი არ არის, ფარისევლობს და უფრო მეტიც, უკვე შევაფასე მისი ეს გამოსვლა და აღარ განმეორდები. უბრალოდ, ეს არის ფარისევლობა და ძალიან ბევრი მცნების დარღვევაა მისი პოზიცია’’, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მეუფე დიმიტრის მიმართ ბევრი შეკითხვა გააჩნია.
„შეკითხვები ძალიან ბევრია: ჩამოსვლისთანავე მეუფემ, არც მე მნახა, როცა მამაოსთან მქონდა შეხვედრა, არც მამაო მოინახულა და სასამართლომდე დუმდა, რა პოზიციაც მან დაიკავა მამაოსთან, ოჯახთან მიმართებაში თუ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ეს ბევრ შეკითხვას აჩენს. ეკლესიის უახლესი ისტორია ამას პასუხს გასცემს. მე ბევრი ვერსია მაქვს, მაგრამ ამაზე არ დავიწყებ საუბარს, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ეს შეკითხვა ღიად დავტოვო. საზოგადოებამ იფიქროს და მეც უფრო მეტად ვიფიქრებ ამაზე, მაგრამ ის, რომ ეს არ არის ღირსეული საქციელი, ეს არ არის მღვდელმთავრის, როგორც მწყემსის პოზიცია, ამაში ორი აზრი არ არსებობს და ამაზე პასუხს სახარება იძლევა’’, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განცხადებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრეს განცხადებებმა შორენა თეთრუაშვილის მძლეთამძლეობაზე, პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი.