საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუშეთში უკვე არსებობს სწრაფი ინტერნეტი, რაც ინფორმაციასთან წვდომასთან ერთად, მცირე სასტუმროებს დაეხმარება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შეძლონ.
“თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა.
პროექტი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით „თუშეთის განვითარების ფონდმა“, საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society -თან ერთად განახორციელა.
ვფიქრობ, იმ რეგიონისთვის, რომელიც სახმელეთო გზით, პრაქტიკულად 7 თვე მოწყვეტილია ცენტრს, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე წვდომა.
მოგეხსენებათ, გასული ზამთრის სეზონზე დავნიშნეთ ვერტმფრენის ყოველკვირეული რეისი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ახორციელებდა. წელსაც აუცილებლად იქნება ასეთივე რეისების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, დამატებით სწრაფი ინტერნეტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაზე წვდომისთვის, ასევე იმისთვის, რათა ადგილობრივმა მცირე სასტუმროებმა, ტურიზმის კუთხით, შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.