უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებებს იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების თემას ”ნაციონალური მოძრაობა” კახი კალაძის, როგორც ძლიერი კონკურენტის წინააღმდეგ იერიშის მისატანად იყენებს.
”პირველ რიგში, ”ნაციონალურ მოძრაობას” შევახსენებ, რომ გადაიკითხონ პარლამენტის რეგლამენტი, სადაც აუცილებლად იპოვიან მუხლს, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როგორც წესი, პარლამენტის სხდომები არ ტარდება. ეს წესი ყოველთვის, ყველა არჩევნების წინ მოქმედებდა და ამ წესს პარლამენტი იცავდა. საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტმა შეიძლება რიგგარეშე სხდომები ჩაატაროს. რაც შეეხება უშუალოდ თემას, არსი მდგომარეობს იმაში, რომ კახი კალაძე ”ნაციონალური მოძრაობისთვის” არის ყველაზე დიდი სამიზნე – გასაგებია რატომაც, ის არის თბილისის მერობის ყველაზე ძლიერი და რეალური კანდიდატი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს იცის და გადაწყვიტა იაფფასიანი მეთოდებით მიიტანოს შეტევა ჩვენს კანდიდატზე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მან აქვე დასძინა, რომ კალაძემ ”გაზპორმთან” დაკავშირებულ თემაზე განმარტებები გააკეთა და ყველა კითხვას გასცა პასუხი.