საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბინა დღეს, 242 მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აბაშვილის N3-ში არსებულ სამხედრო ქალაქს კიდევ ერთი ახალაშენებული კორპუსი შეემატა.
ლევან იზორიამ საცხოვრებელი კორპუსი საზეიმო ვითარებაში ბავშვებთან ერთად გახსნა, რის შემდეგაც ახალი მობინადრეების მიერ ბინების გადანაწილება ლოტოტრონის პრინციპით განხორციელდა.
თავდაცვის მინისტრმა ბინის გასაღები პირველ ახალ მობინადრეს პირადად გადასცა და საცხოვრებელი ფართი მასთან ერთად დაათვალიერა.
”დღეს ვარკეთილში, აბაშვილის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა 242 ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. მათ შორის, 26 სამხედრო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული პირია, ხოლო დანარჩენი 216 ყოფილი თუ მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან 2007-2009 წლებში საბინაო კონტრაქტები დაასრულეს.
კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. საცხოვრებელი ფართით უკვე 1286 პირი დაკმაყოფილდა. ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, კიდევ 714 პირთან აქვს”, – განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ახალი ბინები გადასცა
2017/11/06 13:06:15
კომენტარები
ნანახია: 1256 ჯერ