პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა. პირად შემადგენლობას სკოლის დაბადების დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა. მან სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვა და სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადა.
სამთო მომზადების სკოლის იუბილისადმი მიძღვნილ ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი მხეიძე და სულხან მახათაძე დაესწრნენ. სამთო სკოლის პირად შემადგენლობას სკოლის იუბილე ქ. საჩხერის მერმა და საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემაც მიულოცეს.
ოფიციალური ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. უწყებრივი მედლებით ხუთი, ხოლო სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით კი ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.
ბაზაზე, სადაც ამჟამად საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მდებარეობს, 1991 წლის 1 ივლისს მე-16 სამთო ბატალიონი დაარსდა. მის დაარსებას საფუძველი საქართველოს ეროვნულმა გმირმა ბესიკ ქუთათელაძემ ჩაუყარა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, 2014 წლის 29 მაისის N738 ბრძანების საფუძველზე, სკოლას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სახელი მიენიჭა.
საქართველოსა და საფრანგეთს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად, სკოლაში სასწავლო კურსების პროგრამები შემუშავდა. 2010 წელს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატო/პარტნიორობა მშვიდობისთვის მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი მიენიჭა. ამჟამად საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მსმენელებს სთავაზობს საერთაშორისო კურსების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში.