„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციების 83 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ სააგენტოს პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ედგარ ჯანოიანმა განუცხადა.
„ამ მომენტისთვის პოლიციაში გადაყვანილია 83 ადამიანი“, – განაცხადა ჯანოიანმა.
პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს მომხრეებს მოუწოდა ერევანში მოძრაობის პარალიზება მოახდინონ.
რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.
ოპოზიცია გუშინ, მინისტრთა კაბინეტის სხდომის ჩაშლას შეეცადა, რა დროსაც 123 ადამიანი დააკავეს.