აშშ-ის პრეზიდენტმა ირანი გააფრთხილა. დონალდ ტრამპის თქმით, თუ ირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს, პრობლემები შეექმნება.
ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ამავე გამოსვლაში ტრამპმა ირანთან გაფორმებულ ე.წ. ბირთვულ შეთანხმებას „კატასტროფული“ უწოდა.
„ირანი ვერაფერს ვერ განაახლებს, რადგან თუ ისინი ბირთვული პროგრამის განახლებას შეეცდებიან, დიდი პრობლემები ექნებათ, უფრო დიდი, ვიდრე აქამდე ჰქონიათ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სიტუაცია უცვლელი დარჩეს. ირანთან შეთანხმება კატასტროფულია. ისინი აგრძელებენ რაკეტების გამოცდას“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის ინიციატივას მიუღებელს უწოდებს და ბირთვული პროგრამის განახლებით იმუქრება.
ჰასან როუჰანის განცხადებით, დასავლეთს 2015 წლის გარიგების შეცვლის უფლება არ აქვს. ახალი შეთანხმების დადების წინადადებით შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტები თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე გამოვიდნენ. მათი შეფასებით განახლებული ხელშეკრულება წინა დოკუმენტს უფრო მტკიცეს გახდის.
დონალდ ტრამპი გარიგებიდან გასვლით და ირანისთვის სანქციების განახლებით არაერთხელ დაიმუქრა. მაკრონის შემდეგ ამ საკითხზე კომპრომისის მიღწევას მასთან ანგელა მერკელიც შეეცდება, რომელიც ვაშინგტონში ორ დღეში ჩავა.