“ამტელ ჰოსპიტალის” ექიმის ინფორმაციით, მეტრო “თავისუფლებასთან” დაჭრილი ორივე პირი სრულწლოვანია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი” წერს.
ექიმის თქმით, ერთ პაციენტს მხრის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა, ხოლო მეორეს – გულ-მკერდის არეში.
“112-ის მიერ იყო ორი პაციენტი შემოყვანილი. ერთი, 18 წლის პაციენტი შედარებით მძიმედ იყო, აღენიშნებოდა გულ-მკერდის ღია შემავალი ჭრილობა, რის გამოც მოთავსდა საოპერაციოში. ჩაუტარდა ოპერაცია, ამჟამად იმყოფება პოსტოპერაციულ პალატაში. მეორე, 28 წლის პაციენტს კი ჭრილობა აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის არეში. დამუშავდა ჭრილობა, გაიკერა. მისი მდგომარეობა სტაბილური და გაეწერა კლინიკიდან”, – თქვა ექიმმა კობა აბულაძემ.
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ორი პირი – 30 და 20 წლის ახალგაზრდები დაჭრა. ორივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.