ვაზისუბანში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
როგორც “იმედინიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პირველადი ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ხ.მ.-ს დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
იგი სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ, მიყენებული ჭრილობების შედეგად, მალევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, დამნაშავის გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ინტენსიურ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მკვლელობა სავარაუდოდ, შურისძიების მოტივით მოხდა და ის შესაძლოა წლების წინ მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდებოდეს.