სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მზადაა, 12 ივნისს სინგაპურში დონალდ ტრამპს შეხვდეს. განცხადება მუნ ჯე ინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს.
ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეასთან უმაღლესი დონის სამიტის გამართვაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე წერს.
„ძალიან კონსტრუქციული მოლაპარაკებები გვაქვს ჩრდილოეთ კორეასთან სამიტის გასამართად, რომელიც, თუ ის მართლაც შედგება, ალბათ სინგაპურში, როგორც ადრე გამოცხადდა, 12 ივნისს გაიმართება“, – წერს ტრამპი და განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში სამიტის დრო გადაიწევა უფრო მოგვიანებით.
მანამდე თერთმა სახლმა გაავრცელა წერილი, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრა, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში იყო დაგეგმილი, გააუქმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გადაწყდა, რომ ისტორიული შეხვედრა სინგაპურში უნდა გამართულიყო.