უკრაინის პრემიერმინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა რუსეთს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ტოტალიტარულმა მანქანამ მას არ აპატია პატიოსნება. უკრაინის ნამდვილი მეგობარი, რომელმაც მსოფლიოს უთხრა სიმართლე რუსეთის აგრესიის შესახებ “, – განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა.
ბაბჩენკოს მკვლელობასთან რუსეთის კავშირი არ გამორიცხა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმაც. მისი განცხადებით, საბოლოო დასკვნის გამოტანა ნაადრევია, თუმცა, კრემლმა ადრეც არაერთხელ გამოიყენა უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის პოლიტიკური მკვლელობები.
ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას კლიმკინმა აღნიშნა, რომ არკადი ბაბჩენკო მუქარამ აიძულა რუსეთი დაეტოვებინა, თუმცა განაგრძობდა დემოკრატიისთვის ბრძოლას და მოსკოვი მას მტრად განიხილავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, მკვლელი 40-45 წლის კაცია, 175-180 სმ. სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, ჭაღარა წვერით. მკვლელობის დღეს მას ჯინსის შარვალი და ქურთუკი ეცვა.
არსებული ინფორმაციით, არკადი ბაბჩენკო უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გუშინ მოკლა.