რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიევში რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობას ტრაგედია უწოდა. „გუშინ კიევში მორიგი ტრაგედია მოხდა. არკადი ბაბჩენკო მოკლეს თავის სახლში და უკრაინის პრემიერ-მინისტრი უკვე აცხადებს, რომ, ეს, რა თქმა უნდა, რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩაიდინეს, მაშინ, როდესაც გამოძიებაც კი არ დაწყებულა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.
რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო კიევში გუშინ მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ 40-45 წლისაა. მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში.