ცენტრალურ ინდოეთში ასობით ადამიანი აქციას მართავს. ისინი ორი კაცის სიკვდილით დასჯას ითხოვენ. კაცები 7 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის და მკვლელობის მცდელობისთვის არიან დაკავებულები. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.
აქტივისტებმა გზები გადაკეტეს.
შემთხვევა მადჰია-პრადეშში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ბავშვი მაშინ გაიტაცეს, როცა ის სკოლაში მშობლებს ელოდებოდა. ის უგონო მდგომარეობაში, დაჭრილი იპოვეს. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
მოძალადეებს სათვალთვალო კამერების მეშვეობით მიაკვლიეს.
ინდოეთში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები ხშირია. რამდენიმე დღის წინ აქ ქალაქ გვალიორში 6 წლის გოგო გააუპატიურეს და მოკლეს.
21 აპრილს, ინდოეთის ხელისუფლებამ 12 წლამდე გოგოების გაუპატიურების გამო სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯა შემოიღო. გამკაცრდა სასჯელი 16 წლამდე გოგოების გაუპატიურებაზეც. სასჯელის მინიმალური ვადა 10-დან 20 წლამდე გაიზარდა. ზრდასრული ქალის გაუპატიურების გამო კი მოძალადეს, სულ მცირე, 10 წლით გაუშვებენ ციხეში.
ერთი კვირის წინ კი, ინდოეთში ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი 5 აქტივისტი ქალი, რომელიც ქუჩაში პერფომანს მართავდნენ, ჯგუფურად გააუპატიურეს.
ოთხი დღის წინ გამოქვეყნდა ბრიტანული ფონდის, Thomson Reuters-ის სპეციალისტების დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ინდოეთი ქალებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნაა.
ბავშვის გაუპატიურბისა და მკვლელობის ყველაზე გახმაურებულ ამბად ბოლოს 7 წლის პაკისტანელი გოგოს, ზაინაბის ამბავი იქცა. მომხდარს მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის გამო პაკისტანში საპროტესტო აქციებიც გაიმართა.