“ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ნფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი და თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე ქართველი სამართალდამცველების მიერ ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევი ნათესავები აღმოჩნდნენ. ამასთანავე, “იმედის კვირის” მიერ მოპოვებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტის თანახმად, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის იმ ტელეფონიდან აღადგინეს, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა. “აიფონიდან” შეტყობინებები “ვოთსაფის” აპლიკაციითაა გაგზავნილი და ბოლო სამი ციფრი 800-ით მთავრდება“, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით არეშიძე: “მაჩალიკაშვილი, სულ მცირე, იმ ადამიანებთან იყო კონტაქტში, რომლებიც საქართველოში ტერაქტის მოსაწყობად ჩამოვიდნენ”
“მიმოწერაში ხშირად არის ნახსენები სიტყვა “ისტიშხადი”, რაც თვითმკვლელობის მონაწილეობით ჩატარებულ სამხედრო თუ ტერორისტულ ოპერაციებს გულისხმობს. გთავაზობთ მიმოწერას, რომელსაც “იმედი” ავრცელებს:
“თემირლანი: – იცი, რა არის ისტიშხადი?
უცნობი – მე რა ვიცი?
თემირლანი – თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის, ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას. ვინც აფეთქებით შედის, ის არის ისტიშხადის გამკეთებელი. ის შედის, რომ ააფეთქოს ქრისტიანები.
უცნობი – ხოო, გავიგე.
თემირლანი – და მას, ვისაც თავი უნდა აეფეთქებინა როდესაც მიდიოდა, მან მოიყვანა ბერკეტი მოქმედებაში.
უცნობი – ჰოო…
თემირლანი – და ზუსტად ასე მე უნდა ავიფეთქო თავი.
თემირლანი – ქალაქში, მეტროსადგურის მოედნის გაჩერების შიგნით.
უცნობი – კარგი რა, საკმარისია.
თემირლანი – თუ ადამიანს აქვს რწმენა, მსგავს საკითხებზე ასე არ იტყვის.
უცნობი – ღმერთმანი, მე შენ არაფერს არ გეტყვი.
თემირლანი – ვინც ჭეშმარიტ გზაზე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში შაჰადის თქმით მოკვდება, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდად სანატრელი”, – აღნიშნავს გამოცემა
“ჩატაევისა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირებზე ახალი დეტალები ცნობილი 25 ივნისს გახდა. “იმედის” ცნობით, გამოძიების ხელთ არსებული სატელეფონო ჩანაწერებიდან ირკვევა, თუ ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე და ეს ნომერი მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული. მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც აჰმედ ჩატაევმა, სავარაუდოდ, “აისის”- ის ერთ-ერთ ლიდერ აბუ ჯიჰადს (ისლამ ატაბიევი) გაუგზავნა. აჰმედ ჩატაევი და ისლამ ატაბიევი რუსეთის იმ 6 მოქალაქეს შორის არიან, რომლებიც 2015 წელს ევროკავშირმა ტერორისტების სიაში შეიყვანა. ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად, დააკავეს ერთი ადამიანი – შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდგეობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია”, – განაგრძობს გამოცემა.
“ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სუს-მა მეორე სპეცოპერაცია პანკისში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. სუს-ი აცხადებს, რომ პანკისში დაკავებულები და სალოსის ქუჩაზე დახოცილები საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. “რეზონანსი” ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტ მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ არსებობს საფუძველი იმისა, რომ მაჩალიკაშვილს ტერორისტებთან ჰქონდა კონტაქტი, მაგრამ თავად ტერორიზმში მისი დადანაშაულება დამტკიცებას მოითხოვს. “ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, გვაძლევს საფუძველს, რომ მაჩალიკაშვილი, სულ მცირე, იმ ადამიანებთან იყო კონტაქტში, რომლებიც საქართველოში ტერაქტის მოსაწყობად ჩამოვიდნენ. ეს არის აქსიომა; იმ შემთხვევაში, თუ გვსურს, სიტუაცია დავარბილოთ, ვთქვათ, რომ მაჩალიკაშვილმა არ იცოდა ჩატაევის ყოფნის შესახებ საქართველოში (მისი ახლობლები სურათის ასე წარმოჩენას ცდილობენ), დანარჩენების ბიოგრაფიის შესახებ მან იცოდა, რადგან გვერდზე ნაპოვნი ფოტოსურათები ამაზე მეტყველებს”, – დასძენს გამოცემა.
“ჩვენ ვნახეთ მისი პირადი გვერდიდან ამოღებული მიმოწერა, რომელიც არ არის კორექტურული და ისეთი, რომელიც მის აბსოლუტურ ნეიტრალობაზე ან ლოიალობაზე მიუთითებდა. რელიგიური გემოვნება იყო ჩამოყალიბებული ისლამისტური იდეოლოგიის გავლენით, რომელსაც ბევრი პანკისელი ახალგაზრდა ცნობს. არეშიძის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილის პოზიცია გასაგებია, რადგან ის არის მამა, რომელსაც სურს, შვილის უდანაშაულობა დაამტკიცოს. ჩვენც ყოველთვის ვაკეთებდით ისეთ რაღაცას, რის შესახებაც მშობლებმა არ იცოდნენ. მე მესმის მალხაზ მაჩალიკაშვილის პოზიციისა. ის არის მამა და ცდილობს, თავისი შვილი მაქსიმალურად უდანაშაულო გამოიყვანოს, მაგრამ ფაქტები ნაწილობრივ სხვა რამეზე მეტყველებს. მე არ ვამბობ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი რამეშია დამნაშავე ჯერჯერობით, გარდა იმ მიმოწერისა, რაც სოციალურ ქსელში იყო. კანონში არსებობს მუხლი, რომელიც ტერორისტების ხელშეწყობას გულისხმობს. მაჩალიკაშვილის დანაშაული იკვეთება – ტერორიზმში ხელშეწყობის კუთხით, მაგრამ ჩატაევი, ფაქტობრივად სასამართლომ ცნო უდანაშაულოდ. იმ ხალხმაც უნდა აგოს პასუხი, ვინც ეს საქმე გამოიძია, ამ პოზიციამდე მიიყვანა და შემდეგ ეს კაცი გაუშვა”, – წერს სტატიის ავტორი.