თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ვიზიტი ბაზა „კუნდუზზე“ IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეულის მონახულებით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები „კუნდუზზე“ დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეხვდნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობა პირადად მოისმინეს. IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული, ბაზა „კუნდუზზე“ ორკვირიანი როტაციის პრინციპით ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ავღანეთში, ბაზა „კუნდუზზე” ქართული ოცეულის მონახულების შემდეგ, ბაზის მიმართულებით ორი არაპირდაპირი გასროლა განხორციელდა. ჭურვები ბაზის სიახლოვეს ჩამოვარდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ბაზა „კუნდუზზე” დისლოცრებული IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. თავდაცვის მინისტრი ბაზა „კუნდუზზე“ გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
ბაზა „კუნდუზზე“ ვიზიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გადაინაცვლა , სადაც IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის პირად შემადგენლობასთან შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ სამხედროებს სიტყვით მიმართა, მათ მისიის წარმატებით დასრულება და საქართველოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.
მოგვიანებით კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ვოლფ-იურგენ შთალთან შეხვედრა გამართეს. საუბარი გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო, ხაზი გაესვა ქართველი და გერმანელი სამხედროების სამშვიდობო მისიაში ერთობლივ მსახურს. გერმანელმა გენერალმა ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა და გერმანელ სამხედროების მხარდამხარ „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილეობისთვის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის” მისიას იანვრიდან ასრულებს. ქართული ქვედანაყოფი გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, ოპერაციის რაიონში პატრულირებას და სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე.