საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ავღანეთში ვიზიტი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრებ ასეულთან შეხვედრით დაასრულეს.
თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ქართული ასეულის მაღალი პროფესიონალიზმი აღნიშნეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის თითოეულ მშვიდობისმყოფელს მადლობა გადაუხადეს. ლევან იზორია ქართველ სამხედროებს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
თავდაცვის მინისტრი გენერალ ჯონ ნიკოლსონთან ერთად სამშვიდობო მისიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისათვის გამართულ სპეციალურ ცერემონიალზეც იმყოფებოდა. მათ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სხვადასხვა ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, საერთაშორისო მისიაში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს.