„საქართველომ თავისი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის სანდო და ერთგული პარტნიორი“ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას. ნატო მკაფიოდ აღიარებს იმ ხელშესახებ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიული რეფორმების, თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცებისა და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციით. ამის ნათელი დადასტურებაა ბრიუსელის ივლისის სამიტის ფარგლებში მიღებული ნატო-საქართველოს ერთობლივი დეკლარაციისა და ივლისის სამიტის დეკლარაციაში ასახული საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა. ამასვე მოწმობს, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე, პრემიერ მინისტრის პირველივე საერთაშორისო ვიზიტისას ბრიუსელში ნატოს მხრიდან გაჟღერებული გზავნილები, რომ დღეს საქართველო წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე თავსებად, სამაგალითო, დასაყრდენ პარტნიორს, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.