დიდგორის ბრძოლიდან 897-ე წლისთავი სახალხო დღესასწაულით აღინიშნა. დიდგორის ველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ. მამუკა ბახტაძემ და ლევან იზორიამ მოწვეულ სტუმრებს და მოსახლეობას დიდგორობა მიულოცეს და 9 საუკუნის წინანდელი გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის უფროს ლეიტენანტს, ალუდა ჩიქოვანსა და კაპრალ რევაზ ყოლბაიას უწყებრივი მედლები „დიდგორის ჯვარი“ პირადად გადასცა.
აღნიშნული ჯილდო თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დააწესა. ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, გამორჩეულ სამხედროებს ლიდერობისთვის თავდაცვის სამინისტრო მედალს – „დიდგორის ჯვარი” გადასცემს. ეს ჯილდო პირველად 2014 წელს მაიორმა ვიტალი ცხადაძემ მიიღო.
სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2018“, ხალხური სიმღერებითა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. ასევე ჩატარდა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.