„მრავალეროვნული სწავლებები არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. სწავლება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული დონის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ტაქტიკური ოპერაციების კოორდინირებულად ჩატარებას და ჩვენს სამხედროებს შორის მეგობრობის, ნდობის განმტკიცებას. ჩვენი მეგობრობა კი საერთაშორისო ასპარეზზე – იქნება ეს მეზობელთან, პარტნიორთან თუ სხვა ქვეყანასთან, იწყება ჩვენი ღირსების დაცვით, ჩვენი ღირსების დაცვის ხაზი კი გადის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე“, – საჯაროდ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს, ვაზიანში მე-11 პოლიგონზე გამართულ „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე.
ლევან იზორიამ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში ქვეყნებს შორის არსებულ ნდობის მაღალ ხასრისხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ამ მიმართულებით საზღვრების პატივისცემა, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების პატივისცემა იგულისხმება. ამას კი, ამტკიცებს ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი მეგობრობა, პარტნიორობა და მრავალეროვნული სწავლებაც.“
მისივე თქმით, სწორედ პატივისცემის, ურთიერთაღიარების, ერთამანეთის ღირსების პატივისცემის საფუძველზე გაძლიერდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა როგორც ეროვნული თავდაცვის ამოცანებისთვის, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის.