“აფხაზეთში ბოლო დროს სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. მოსახლეობა და ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯინბას უპირისპირდება. დაპირისპირებაა თავად სოხუმის მთავრობაშიც. რაულ ხაჯიმბას საკუთარი მინისტრებიც კი აუმხედრდნენ. არსებულ სიტუაციას კი ყოფილი დე ფაქტო პრემიერის სერგეი შამბას მიერ გაკეთებული განცხადებაც ცხადყოფს. მის თქმით, ვითარება თუ არ გამოსწორდა, აფხაზები მუხლებზე სთხოვენ საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღებას. შამბას თქმით, აფხაზეთის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები არიან, რომლებმაც მართვა არ იციან”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “შამბას პირადად რომ არ ვიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ ამ განცხადებას საქართველოს სასარგებლოდ აკეთებს”.
“შამბას თქმით, არსებული კრიზისიდან აფხაზეთის გამოყვანა მხოლოდ ასლან ბჟანიას შეუძლია, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. პოლიტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ახლა აფხაზეთში საკმაოდ მძიმე, კრიზისული სიტუაციაა როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. მძიმეა კრიმინოგენული მდგომარეობა და აფხაზეთში ყველაფერს კლანური დაჯგუფებები განაგებენ. რუსეთი აფხაზეთისთვის ფულადი ტრანშების ჩარიცხვას აგვიანებს, რაც შექმნილ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ამიტომაც, მისი აზრით, შამბას განცხადება გაფრთხილებას უფრო ჰგავდა, რომელიც მოსახლეობის შესაშინებლად არის გამიზნული… აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე კი მიიჩნევს, რომ სერგეი შამბას განცხადებები რუსეთის თამაშს ემსახურება და ეს პიროვნება ყველაფერს მხოლოდ კრემლის საამებლად აკეთებს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ შამბას რაიმე მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდეს. აფხაზეთში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, შამბა ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ცდილობს და ეს არის არა საქართველოს სასარგებლოდ გაკეთებული განცხადება, არამედ მოსახლეობის შესაშინებლად გაკეთებული ფანდი. თუმცა კიკნაძე არც იმას გამორიცხავს, რომ რუსების იმედგაცრუების შემდეგ, აფხაზების მცირე ნაწილი ფიქრობდეს, რომ საქართველოსთან უკეთესად იქნებოდნენ. კიკნაძის აზრით, შამბა ამ განწყობებს ხვდება და არ არის გამორიცხული, რომ რუსებსაც აფრთხილებდეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რამდენიმე დღეა, რაც ფსოუს საზღვარზე კონტროლი გაუგებარი მიზეზების გამო საკმაოდ გამკაცრებულია. განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე ვინც შედის მათი კონტროლი მაქსიმალურად ხდება. ამ წუთშიც უზარმაზარი რიგებია, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია ხელს უშლის. ამ ყველაფრის ფონზე კი აფხაზების უკმაყოფილება როგორც რუსების ასევე ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების მიმართ იზრდება. ამასთან ერთი ჯგუფის უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ ე.წ. დამოუკიდებლობის დღე ისე ვერ აღნიშნეს, როგორც წარმოდგენა ჰქონდათ. ალბათ ბოლო წვეთი ე.წ. ვიცე-პრემიერ ვიტალი გაბნიას რესტორანში ცემის ფაქტი გახდა. წარმოგიდგენიათ რა სიტუაციაა, რომ ე.წ. ვიცე-პრემიერსაც კი არ იცავს სამართალდამცავი სტრუქტურა და ადგილობრივ მოსახლეობას ვინ დაიცავს? ეს ყველაფერი კი ოპოზიციის ყულაბაში ილექება. შამბას განცხადებაც ამ კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ. ვითომ ის განგაშის ზარებს რეკს, რომ არიქა, ისე გაგვიხდება საქმე, შესაძლოა საქართველოს და რუსეთს დაჩოქილები მათ შემადგენლობაში შესვლას ვთხოვდეთ. შამბას განცხადება ორვექტორიანია, ერთი რუსეთისთვის არის მიძღვნილი და მეორე მოსახლეობის შესაშინებლად გაკეთებული. ეს საქართველოს მისამართით გაკეთებული გზავნილი ნაკლებადაა. შესაბამისად, დიდი ილუზიები არ უნდა შევქმნათ. უბრალოდ აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ამისთვის აუცილებელია რესურსი და ტვინი. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს რამდენად გამოიყენებს, ეს უკვე სხვა საკითხია”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“აფხაზეთში კრიმინალი და კორუფციაა გამეფებული. ამ ყველაფერს კი აფხაზებსა და სომხებს შორის არსებული დაპირისპირება ემატება. რუსეთი კი სიტუაციას შორიდან აკვირდება და ორივე მხარეს დგას. მისთვის მნიშვნელობა არა აქვს ე.წ. ხელისუფლებაში ვინ იქნება, ე.წ. მთავრობის გაკონტროლებას კრემლი მაინც ყოველთვის შეძლებს. მიუხედავად არსებული დაპირისპირებისა, რუსები შეეცდებიან, რომ ხაჯიმბამ ე.წ. საპრეზიდენტო ვადა ბოლომდე ამოწუროს. თუმცა ვხედავთ, რომ შამბა ბოლო დროს განსაკუთრებულად აქტიურობს. ამ ადამიანს პირადად რომ არ ვიცნობდე და მისი ფსიქოპორტრეტი არ ვიცოდე, ვიფიქრებდი, რომ ამ განცხადებას საქართველოს სასარგებლოდ აკეთებს, თუმცა ეს ასე არ არის. ის ყველაფერს მხოლოდ კრემლის საამებლად აკეთებს. ეს უბრალოდ მოსახლეობის შესაშინებლად განაცხადა – ანუ მათ ამით ემუქრება, რომ ე.წ. აფხაზეთის მთავრობაში ისეთი სიტუაციაა, შესაძლოა საქართველოსთვისაც კი შესახვეწი გაგვიხდესო. თუმცა ძალიან კარგად ვიცით, რომ აფხაზები თუ ასეთი არჩევანის წინაშე დადგებიან, ისინი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას აირჩევენ – ეს არის მზაკვრული და შორს მიმავალი განცხადება, რომლის უკანაც უფრო დიდი მიზნები დგას, მაგრამ ეს არ არის საქართველოს სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებები”, – განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ლევან კიკნაძე.