დონალდ ტრამპი „New York Times”-ისგან სკანდალური სტატიის ავტორის ვინაობის გასაჯაროებას მოითხოვს. პუბლიკაციის ავტორს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „მხდალი“, თავად გაზეთს კი „ყალბი“ უწოდა.
„New York Times”-ში სტატია ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ანონიმმა მაღალჩინოსანმა გამოაქვეყნა. ის წერს, რომ თეთრ სახლში წინააღმდეგობის მოძრაობის წევრია, რადგან ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტის შეხედულებებს არ იზიარებს.
სტატიის თანახმადვე, თეთრი სახლის მაღალი რანგის თანამშრომლები მუშაობენ, რომ დონალდ ტრამპის გეგმების იმპლემენტაცია არ მოხდეს.
ადმინისტრაციის პრესმდივნის შეფასებით, „ნიუ-იორკ თაიმსი“ შეერთებული შტატების პრეზიდენტის დისკრედიტაციას ახდენს და გაზეთმა მას ბოდიში უნდა მოუხადოს, სტატიის ავტორი კი გადადგეს.
„არავის გაუკეთებია ორ წელზე ნაკლებ პერიოდში იმდენი რამ, რამდენიც ჩვენ გავაკეთეთ. მე რომ არ ვყოფილიყავი აქ, ვფიქრობ „ნიუ იორკ თაიმსი“, ალბათ, არც იარსებებდა. ერთ დღეს, როდესაც პრეზიდენტი აღარ ვიქნები, “ნიუ იორკ თაიმსი”, CNN და ყველა ყალბი მედიასაშუალება გაკოტრდება, რადგან აღარაფერი ექნებათ დასაწერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავის გაუკეთებია ის, რაც ჩვენმა ადმინისტრაციამ გააკეთა. გახსოვთ, როდესაც მე გავიმარჯვე „ნიუ იორკ თაიმსი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა. ასე რომ, გჯერათ რომ წარუმატებელ ნიუ იორკ თაიმსს“ აქვს ანონიმი ავტორის სტატია? ანონომის – ანუ მხდალის. ჩვენ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. 2020 წელს ჩემს დამარცხებასთან ახლოსაც ვერავინ მოვა იმის გამო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ,“- განაცხადა ტრამპმა.