გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, რუსეთის მიმართ ევროპის კავშირის სანქციები ძალაში დარჩება მანამდე, სანამ უკრაინაში სტაბილური ზავი მიიღწევა ე.წ.მინსკის შეთანხმებების ფარგლებში. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.
„სანამ მინსკის შეთანხმებები შესრულდება ან ამ მიმართულებით წინსვლა იქნება ჩვენ არ განვიხილავთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას,“- თქვა მერკელმა.
რუსეთს სანქციები დაუწესდა უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის. მოსკოვს სანქციები დაუწესდა ასევე უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავებისა და ანექსირებისთვის. მსგავსი სანქციები შემოიღო აშშ-მაც.
ომი დონბასში 2014 წელს დაიწყო. მხარეებს შორის, საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით, 2014 წლის სექტემბერში ხელი მოეწერა მინსკის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მოგვიანებით, 2017 წელს ხელი მოეწერა კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც, თავდაპირველი ჩანაფიქრით, დეკემბრის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, დღემდე ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის განახლებაში.
აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის კონფლიქტმა 2014 წლის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასიათასობით ადამიანი აქცია დევნილებად.