კატალონიის პოლიციამ „ქართული მაფიის“ 15 წევრი დააკავა. მათ ბრალად ედებათ ბარსელონასა და ქალაქის შემოგარენში ათეულობით ბინისა და სახლის გაქურდვა.
ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ამოღებულია 130 000 ევრო, 2 კილოგრამი ოქროს ნაკეთობები, ელექტროტექნიკა და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ხელსაწყოები.
ესპანური პრესის ცნობით, კრიმინალური ჯგუფების წევრები ყოველთვის ერთნაირი ტაქტიკით მოქმედებდნენ. კერძოდ, პირველ ეტაპზე არჩევდნენ სახლებს, შემდეგ კარებზე სპეციალურ ნიშნებს ტოვებდნენ, რათა გაეგოთ, არიან თუ არა სახლში მეპატრონეები.
დაკავებულებს შორის არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც სახლების გაქურდვაში ბრალდებულების ქმედებების კოორდინაციას უწევდა. ის 53 წლის მამაკაცია, რომელსაც რუსეთში სხვადასხვა დანაშაულში ედება ბრალი. სავარაუდოდ, ბრალდებული ესპანეთში ყალბი პასპორტით ჩავიდა და ხელმძღვანელობდა კრიმინალურ ჯგუფებს ალიკანტესა და სევილიაშიც.
სამართალდამცვები ამბობენ, რომ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, რომელიც ასევე დაკავებულია, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდია“.