პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერიმინისტრი, ნავაზ შარიფი პატიმრობის მისჯიდან 2 თვის შემდეგ, გაათავისუფლეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ BBC წერს.
ყოფილ პრემიერთან ერთად, მისი ქალიშვილი, მარიამიც გაათავისუფლეს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათ ივლისში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
ერთი კვირის წინ ლონდონში ნავაზის მეუღლე, კალსუმ ნავაზი სიმსივნით გარდაიცვალა. მისი პაკისტანში გადასვენების შემდეგ, მამა-შვილს უფლება მისცეს, ციხე დაეტოვებინათ და ქალაქ ლაჰორში, კალსუმ ნავაზის დაკრძალვას დასწრებოდნენ, თუმცა ამის შემდეგ ისევ საკნებში დააბრუნეს.
ივლისის დასაწყისში პაკისტანის ყოფილ პრემიერმინისტრს ნავაზ შარიფს კორუფციის ბრალდებით, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მანამდე შარიფსა და მის ქალიშვილს, მარიამს, 6 ივლისს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი კორუფციაში ბრალდების საფუძველზე და ორივე დააკავეს 13 ივლისს, პაკისტანში, ქალაქ ლაჰორში ჩასვლის შემდეგ.
2017 წლის ივლისის ბოლოს პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ნავაზ შარიფის ოჯახის წევრები კორუფციულ გარიგებაში დამნაშავედ ცნო, რის შემდეგაც შარიფი გადადგა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პრემიერმინისტრის შვილები ოფშორულ კომპანიებს ფლობდენ. გამოძიება „პანამის დოსიეს“ გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, როდესაც 11 მილიონზე მეტი დოკუმენტით დაადასტურა, რომ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების კავშირი ოფშორულ კომპანიებთან ჰქონდათ. ამის შემდეგ პაკისტანის სასამართლომ თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრი და გენერალური მდივანიც გადააყენა.