რუსეთის „გრუ”-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილი იულიას ქიმიური საშუალებით მოწამვლის გამო, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სანქციები 15 ოქტომბერს ევროკავშირის ქვეყნების შიდაპოლიტიკური უწყებების საბჭოზე დამტკიცდება. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
ვარაუდობენ, რომ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალში ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა იქნება. ასევე გაიყინება რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების და იმ პირთა ანგარიშები, რომლებიც ქიმიური იარაღის გავრცელებასთან არიან კავშირში.
სკრიპალების მოწამვლის გამო რუსეთს სანქციები აშშ-მა აგვისტოს ბოლოს დაუწესა, რომლის თანახმადაც იკრძალება რუსული პროდუქციისა და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის გაყიდვა. ვარაუდობენ, რომ თუ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ გარანტიებს არ წარადგენს, ეს სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება.
დიდი ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, სკრიპალების მოსაწამლად სოლსბერიში ორი რუსი იყო ჩასული, რომლებიც რუსლან ბაშიროვისა და ალექსანდრე პეტროვის სახელით სარგებლობდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი სინამდვილეში „გრუს“ თანამშრომლები – ანატოლი ჩეპიგი და ალექსანდრე მიშკინი იყვნენ.