ვაშინგტონის გენერალური პროკურორი Facebook-ს Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის გამო უჩივის. ინფორმაციას პროკურორის კომუნიკაციების ოფისი ავრცელებს. მომხდარს კარლ რასინი მიკრობლოგ Twitter-ზე გამოეხმაურა.
Facebook-ის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მიზანი იმ გარანტიების აღდგენაა, რომელსაც სოცქსელი თავდაპირველად მომხმარებლებს დაჰპირდა.
როგორც კარლ რასინი Twitter-ზე წერს, დროა Facebook-მა გაიხსენოს დანაპირები და თითოეული მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გარეშე პირებისგან დაიცვას.
„საქმის აღძვრის მიზანი Facebook-ისთვის იმ პირობის ერთგვარი შეხვენებაა, რომელიც მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვას გულისხმობს“, – წერს კარლ რასინი მიკრობლოგზე.
ვაშინგტონის გენერალური პროკურორი Facebook-ის მომხმარებლებს რეკომენდაციასაც აძლევს და ერთგვარ ინსტრუქციას სთავაზობს თუ როგორ უნდა დაიცვან სოცქსელის მომხმარებლებმა პირადი ინფორმაცია Facebook-ზე.
მანამდე გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ ჩაატარა გამოძიება და გაამხილა ახალი დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ აძლევდა წვდომას Facebook-ი სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს მომხმარებლების ექაუნთებზე. გაირკვა, რომ Facebook-მა ტექნოლოგიურ გიგანტებს მომხმარებლების პირად გზავნილებზეც წვდომა მისცა.
Facebook-ის 14 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.
იმედინიუსი