საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას კიდევ უფრო მეტი პრინციპულობისკენ მოუწოდა და ასევე საპარლამენტო უმცირესობა გააკრიტიკა. ხუნდაძემ დეპუტატებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ მოთხოვნილ „ორ გვამზე“ მიუთითა.
„მადლობა მინდა გითხრათ პრინციპულობისთვის. რასაც მე ველოდი აქამდე, ამას ელოდებოდა საზოგადოებაც. ასევე, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტი პრინციპულობის მოლოდინშია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უმსგავსოებას დაესვას წერტილი. ეს უფრო ფართო გაგებით, ამ დეტალებზე მე ახლა არ გავჩერდები. აქ უმრავლესობის მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, პრაქტიკულად, ყველა კითხვა რაც საზოგადოებას აწუხებს და რა კითხვებიც ზოგადად არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ამ კითხვებს შორის ჭარბობდა, რა თქმა უნდა, დათუნა სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებული კითხვები. ეს კითხვა ჭარბობს არა იმიტომ, რომ აქ ბატონი ზაზა სარალიძე ესწრება, არამედ იმიტომ, რომ ეს კითხვები რეალურად არსებობს.
მინდა ასევე პასუხი გავცე ოპოზიციის მხრიდან მახვილად დასმულ კითხვებს და რაღაც არ მახსენდება, მათი მხრიდან დასმული კითხვა, როდესაც მათივე გუნდის წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ითხოვდა 2 გვამს და არც ერთი კითხვა არ დასმულა, რა გვამს ან რატომ ითხოვდა. რა პასუხი მოთხოვეს ამისათვის – დაიბარეს პარლამენტში, შიდა ფორმატში მაინც თუ ჰკითხეს რამე? აქ ბევრი არა თუ დეპუტატი, მათი ლიდერიც ზის ჩვენს შორის და მე არ მახსოვს მათ მიერ დასმული არც ერთი კითხვა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
“როდესაც მათივე გუნდის წევრი, შს მინისტრი ითხოვდა 2 გვამს, რა პასუხი მოთხოვეს ამისათვის, დაიბარეს პარლამენტში, შიდა ფორმატში მაინც თუ ჰკითხეს რამე?”
2018/12/21 17:10:59
ნანახია: 701 ჯერ