იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა სამწუხარო გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევისას პროცედურები არ დარღვეულა.
„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არის წყალგამყოფი იმ ადამიანებს შორის, ვისაც უნდათ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, ადეიშვილ-სააკაშვილის ჯალათები იხილონ მოსამართლეებად. ასე დგას საკითხი. რაც არ უნდა ვიტყუოთ თავი და ვიძახოთ, რომ პროცედურების დარღვევით მოხდა მისი არჩევა, ასე არ არის. სამწუხაროდ, თქვენც იმ პოზიციაზე დგახართ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და ვფიქრობ, გინდათ, რომ ეს ადამიანები გახდნენ მოსამართლეები. გედევან ფოფხაძის გამოწვევა პროცედურების დარღვევით კი არ მოხდა, არამედ გედევან ფოფხაძეს და ჩვენ, ვისაც არ გვინდა, ვიხილოთ მურუსიძე, ჩინჩალაძე, სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები უვადოდ უზენაეს სასამართლოში, ყველაფერი ამის გამო არის დატრიალებული“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ამასთან, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს მიმართა.
„თქვენ იცოდით, იურიდიული კომიტეტი მოსამართლეების საკითხს ჩააგდებდა და შესაბამისად, კომიტეტმა პარლამენტი უხერხულობის წინაშე არ დააყენა. რაც არ უნდა გადაადგილებები გააკეთოთ, რაც არ უნდა შეიყვანოთ, გამოიყვანოთ, გინდ აქეთ გადაქაჩოთ, გინდ იქით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ პარლამენტში სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ვერ გახდებიან. ეს არის წყალგამყოფი. ჩინჩალაძე, მურუსიძე – ჯალათი მოსამართლეები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ უანგაროდ და ანგარებით, მონური მორჩილებით და კმაყოფილებით, რომლებიც ადამიანებს აგზავნიდნენ უაპელაციოდ, მტკიცებულებების გარეშე, ცინიკურად, უამრავი ადამიანის ცხოვრება შემოატრიალეს ცუდისკენ, ამ ადამიანებს პარლამენტი ვერ აირჩევს. ეს პარლამენტი არის 2012 წლის პირველი ოქტომბრის მემკვიდრეობა. მილიონ 200 ათასი ადამიანის, რომელიც მოვიდა არჩევნებზე, მათი პარლამენტია და აქ ეს სია არ უნდა გავიდეს. როცა მოხდება კრიტერიუმების დადგენა, არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე უნდა გავრცელდეს ეს კრიტერიუმები, ისეთი კრიტერიუმები უნდა იყოს, რომ ვინც დღეს სააპელაციო სასამართლოში არის, გინდ თბილისში, ქუთაისსა და პირველ ინსტანციაში, მათზეც უნდა გავრცელდეს ეს კრიტერიუმები და უნდა დაემშვიდობონ მართლმსაჯულების სისტემას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართა. ფრაქციის გადაწყვეტილებით, დეპუტატი გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს.