რა კავშირია სოსო პავლიაშვილსა და გიორგი ადუაშვილს შორის, რომელიც ვერაზე კრიმინალური გარჩევისას დაჭრეს? – ამ სათაურით “კვირის პალიტრა” სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, 30 წლის გიორგი ადუაშვილი 2012 წელს მოკლული ბიზნესმენის, ანტონ ადუაშვილის ვაჟია. მაშინ ანტონ ადუაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში იპოვეს. ოჯახი მკვლელობის შეკვეთაში მომღერალ სოსო პავლიაშვილს ადანაშაულებდა, რომელთანაც ანტონ ადუაშვილს დიდი ხნის მეგობრობა და ბიზნესინტერესები აკავშირებდა (ანტონ ადუაშვილი სოსოს მეჯვარე და ბავშვის ნათლია იყო). ანტონ ადუაშვილის მკვლელობის ბრალდებით, ოთხი პირი გაასამართლეს, მათ შორის – სოსო პავლიაშვილის სიძე ვახტანგ ჩხაპელიაც.
“დაჭრილი გიორგი ადუაშვილის მამა ბიზნესმენი ანტონ (ავთო) ადუაშვილია, რომელიც თბილისში 2012 წლის 23 ნოემბერს საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათ შორის ერთი საკონტროლო. შემთხვევის ადგილას (ზაზიაშვილის ქუჩაზე) სათვალთვალო კამერებმა საქმის გახსნა გააადვილა და ცხელ კვალზე მკვლელობისთვის რამდენიმე პირი მისცეს პასუხისგებაში, მათ შორის, მომღერალ სოსო პავლიაშვილის დის ქმარი – ვახტანგ ჩხაპელია. მისი დაკავება შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მოკლულის ოჯახისთვის, რადგან ახლობლად მიიჩნევდნენ. ჩხაპელიას შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში დაედო ბრალი. პირველ ჩვენებაში მან მკვლელობის შემკვეთად მოკლულის უახლოესი მეგობარი, თავისი ცოლისძმა, სოსო პავლიაშვილი დაასახელა. ის დეტალურად აღწერდა, როგორ მოაკვლევინა პავლიაშვილმა 50.000 დოლარად ადუაშვილი”, – წერს “კვირის პალიტრა”.
ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, ათამდე გასროლა, დაახლოებით, 17:00 საათისთვის გაისმა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილ “კია ოპტიმას”, რომელსაც ზურაბ კუჭავა მართავდა, მინიკუპერიდან, სადაც გიორგი ადუაშვილი იჯდა, ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შემდეგ, კუჭავამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანიდან გადმოხტა, ავტომობილი კი ფილარმონიასთან გაჩერებულ სხვა მანქანას შეეჯახა…
სროლას ახალგაზრდების ჩხუბი უძღოდა წინ, რომლის დროსაც, გიორგი ადუაშვილი დაჭრეს. მას იღლიის არეში ორი და ფეხში ოთხი ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით მიაყენეს.
როგორც ირკვევა, დანაშაულის ჩადენის დროს, ადუაშვილთან ერთად, ავტომანქანაში მძღოლი გიორგი ბალაშვილი და კოტე ჯორბენაძე იყვნენ, რომელმაც დაჭრილი ადუაშვილი საავადმყოფოში მიიყვანა.
გიორგი ადუაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. ის იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით ერთხელ უკვე ნასამართლევია.
15 იანვარს ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების ფიგურანტებს – გიორგი ადუაშვილსა და კოტე ჯორბენაძეს მოსამართლე რომან ხორავამ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კოტე ჯორბენაძეს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით, გიორგი ადუაშვილს კი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლით გაასამართლებენ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
“რა კავშირია სოსო პავლიაშვილსა და ვერაზე კრიმინალური გარჩევისას დაჭრილ გიორგი ადუაშვილს შორის”?
2019/01/21 13:09:44
კომენტარები
ნანახია: 1665 ჯერ