„სიცრუის დეტექტორის“ წამყვანის ამპლუა არაჩვეულებრივად მოირგო, ახალ არხზე ახალი იმიჯით კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი შეიძინა, თუმცა ხან გადაცემისა და ხანაც ცხოვრებისეული ამბებიდან გამომდინარე, სკანდალებიც არ აკლია.
გიორგი გასვიანი: „იმედზე“ ძალიან საპასუხისმგებლო პროექტი გვერგო წილად. მინდა ვთქვა, რომ ნოე სულაბერიძე ძალიან ნიჭიერი კაცია, კარგი თვალი აქვს. პირადად მე მან დამადგა თვალი და მითხრა, შენ გხედავ ამ პროექტშიო. ამ გადაცემაზე თავის გამოცდილებით არაჩვეულებრივად მუშაობს მაკა რაზმაძე და ზოგადად, ძალიან კარგი გუნდი ვართ. მომწონს ამ არხზე მუშაობა. „სიცრუის დეტექტორი“, „პრაიმ შოუ“ და „ცეკვავენ ვარსკვლავები“ – ეს გადაცემები „ნოეს კიდობანშია“ მოქცეული და მეც ზუსტად მაშინ მოვხვდი აქ, როცა ჩემს არხზე წარღვნა იწყებოდა და ჯერ არ ვიცოდი.
– შენზე წერდნენ, როგორი „სწერვა“ ბიჭია ეს წამყვანიო…
– ეგ თავიდან იყო, როცა ზურა ჯაფარიძე გვყავდა სტუმრად. იმ გადაცემას მოჰყვა რაღაც ნაწილისგან ასეთი შეფასებები. მაგრამ „სიცრუის დეტექტორი“ რომ მიმყავს, მგონი, ლენჩის ღიმილით ვერ შევხედავ რესპონდენტს, თუმცა ასეც ვუყურებ ხოლმე ხანდახან. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის და ტელეწამყვანისთვის, ცინიზმი დამახასიათებელია და ეს თვისება ცოტა ხასიათშიც მაქვს. თუმცა სასაცილოა, ჩემზე რომ თქვა, „სწერვა“ არისო. ერთი ბოხხმიანი გიორგი გასვიანი ვარ და ძალიან მიხარია, რომ საზოგადოებისგან ჩემ მიმართ ძალიან თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ. სხვათა შორის, არასამთავრობოები მომედავნენ. გივი სიხარულიძე რომ გვყავდა გადაცემაში, მისმა ძმაკაცმა მოყვა, რომ ვიღაც ქალი დასდევდა გივის და ვერაფრით მოიშორა. ერთხელ მანქანაში იჯდა გივი, ეს ქალი მივიდა და არ ეშვება, ბატონო გივი, ბატონო გივიო… მასთან სექსუალური კავშირი უნდოდაო. გივიმ მანქანაში შემოაყოფინა თავი, აწია ფანჯარა კისრამდე, თავით დაიჭირა ეს ქალი, მერე მანქანიდან გადავიდა, უკნიდან მიადგა ამ ქალს და პატივი სცაო. როცა ეს თქვეს, მძაფრი რეაქცია მქონდა, რეებს ყვებით, ეს ძალადობა არ იყო-მეთქი და ორივემ დაგმო, პირიქით, ის ქალი ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი წავიდაო. ეს ამბავი ჩემთვის საერთოდ არ იყო დამაჯერებელი, მაგრამ ასეთი რამის მოყოლამ მაინც გამოიწვია ვნებათაღელვა – გაუპატიურებულმა ქალებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნესო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა: რატომ არ ამოჭერით ძალადობის წამახალისებელი კონტექსტიო. მე ვთქვი, რომ ეს ჩვენი მხრიდან არ იყო ძალადობის წამახალისებელი, რადგან ზუსტად ძალადობაზე დავსვი კითხვა და მათ თქვეს, რომ პირიქით, ის ქალი კმაყოფილი იყოო. შეიძლება, ეს ყველაფერი ბინძურად ჟღერდა, მაგრამ ასეთი ფორმატის გადაცემაა, ხალხო და არ შეიძლება დეტექტორს მოსთხოვო პასუხი რესპონდენტის მიერ წარსულში ჩადენილი უხამსი ნაბიჯის აღიარების გამო. ადამიანი ფულზე თამაშობს და ეს ფორმატი „მოსულა“, თუმცა არის რაღაცები, რაც საერთაშორისო კანონმდებლობით ან ჟურნალისტური ეთიკის მიხედვით მიუღებელია და მას აუცილებლად ვჭრით.
– ცოტა ხნის წინ დიდი სკანდალი წამოიჭრა შენსა და ნიკა გვარამიას შორის. რა იყო ამის მიზეზი?
– გვარამია არის „რუსთავი 2-ის“ დირექტორი, მე – „იმედის“ სახე და ალბათ, ამიტომ გახდა ასე თვალშისაცემი ჩვენი კომენტარებში წაკინკლავება. თუმცა, ხაზგასით ვამბობ, მე ეს იმიტომ არ დამიწერია, რომ მე „იმედი“ ვარ და ის „რუსთავი 2“. ეს ჩემი მეგობრის, გიორგი ცხადაძის გამო გავაკეთე. მან თავად „რუსთავი 2- ისგან“ მიიღო შემოთავაზება. მე რომ მეუბნება გვარამია, შენ რომ „მხოლოდ ქართულში“ მოხვედი, ამის გამო „იმედმა“ დაგსაჯა და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ რეკლამა უფასოდ გაგაკეთებინაო, დემაგოგიაცაა და დემაგოგიაც – ამან გამაღიზიანა. საქმე ისაა, რომ გიორგი ცხადაძე არ უნდა გამოვარდნილიყო პროექტიდან, ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახე იყო, ძალიან ნიჭიერი ბიჭია. ეჭვი მაქვს, რომ მას კარგად არ ფუთავდნენ ვოკალურად. ბევრი ისეთი სიმღერა ამღერეს, რომელიც არ უნდა ემღერა, რაღაცას გაართვა თავი, რაღაცას – ვერა. ამდენი ეთერის განმავლობაში აბულინგებდნენ მსახიობის პროფესიას. ის არის ახმეტელის თეატრის ძალიან კარგი მსახიობი და როცა აძახებდნენ, რომ აი, შენ მსახიობი ხარო, ჩვენთვის ეს ძალიან დამამცირებელი იყო. გეგონება, სხვებს „გრემი“ ჰქონდათ უკვე აღებული. ამიტომ დავწერე, თუ შობას გოგონაზე ვეტო გამოიყენეთ, კაცი კომპოზიტორების ტური იყო და მამაკაცი რატომ გააგდეთ ახალი წლის ღამეს?! მაყურებელს არ უნდოდა შენი ცხადო, ბოლო ადგილას გავიდაო, მაყურებელს არც ის ნუცა უნდოდა, ვთქვათ და თუ იმაზე იყენებ ვეტოს, ამაზე რატომ არ გამოიყენე?!
– რამ გააღიზიანა ნიკა გვარამია?
– მისი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ მე, სხვა ტელევიზიის სახემ, როგორ გავბედე და მათი გადაცემა გავაკრიტიკე, ეს ვითომ „არმოსული პონტია“. მე არ გამიკრიტიკებია გადაცემა, ერთადერთი ცხადოს მიმართ გამოვთქვი ჩემი აზრი. მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, მისი მეგობარი დაწერდა რამე მსგავსს. ჩვენ სუბიექტურები ვართ და როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ ვეტოსო. მე ნეპოტიზმში მედავებოდა – შენი ძმაკაციაო. ნეპოტიზმი რა შუაშია, ნებისმიერი არ უნდა გავარდნილიყო ახალი წლის ღამეს, უბრალოდ, რადგან ჩემი ძმაკაცია, მე იმიტომ დავწერე. ჩემი საქმე არაა „რუსთავი 2-ის“ საქმიანობა. პატივს ვცემ ამ არხს, პირდაპირ ვამბობ, მომწონს, მაგრამ არის რაღაცები, რაშიც პატივს ვერ ვცემ.
– ეს თქვენი კონფლიქტი, თუ რაც ირის, იმითაც იყო საინტერესო, რომ ცოტა ხნის წინ გვარამიამ დაწერა, რომ ერთადრთი ადამიანი ხარ, ვის გადაცემასაც „იმედზე“ ვუყურებო.
– და ჯაჯანიძეზეც თქვა. თქვენ უწევთ ღირსეულ კონკურენციას მაღალრეიტინგულ გადაცემებსო. მადლობაც ვერ ვუთხარი, იმიტომ, რომ „იმედს“ ლანძღავდა. მე რომ მარტო შენ გაქო და შენი ჟურნალი ვლანძღო, მადლობას მეტყვი?! ეგ არის ადამიანის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება. მაგრამ შენ თუ აძლევ თავს უფლებას, გაარჩიო ჩემი გადაცემა და თუნდაც კარგი თქვა, მე რატომ არ მაქვს უფლება, ჩემს მეგობართან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, აქ არხები რა შუაშია?! „ნაძეჟდა“ მეძახა, „ნაძეჟდას ესთეტიკის“ წამყვანების გასარჩევი არ ვართო. ყველამ თავის ესთეტიკას მიხედოს. „იმედს“ „ნადეჟდას“ რომ ეძახის, მეც „ცრუსთავი ორი“ გეძახო? ამას არასდროს ვიკადრებ, ის კადრულობს პიროვნულ და პროფესიულ შეურაცხყოფას, ეს არის ჩვენ შორის განსხვავება. ახალგაზრდა თაობამ ხანდახან ვიღაცებს პასუხი უნდა გავცეთ. დავიღალეთ ამდენი ბულინგით. ამ შემთხვევაში, არც „იმედი“ ვარ, არც „რუსთავი 2“, ვარ ახმეტელის მსახიობი, რომელიც ცხადაძეზე წერს. გვარამია იმან გააღიზიანა, რომ არგუმენტებით გავაკრიტიკე. ცოტა სხვა დროა, გამოიფხიკონ ყურები და თითის ქნევის ტონალობაში ნუ გველაპარაკებიან. დღეს ამის არავის ეშინია. პოლიციელებმა მცემეს და იმათ არ დავუთმე, მართალი ვიყავი და ის ბრძოლა მოვიგე. ვერ გავიგე, გაპიარებული რომ არის, ამის გამო მე უნდა მიქნიოს თითი და შეურაცხყოფა მომაყენოს?
– პირად ამბებსაც შევეხოთ. სერიოზული არაფერი ხდება და ცალმხრივად შეყვარებულიც არასდროს ვყოფილვარო, როცა სხვისგან გრძნობ ამ დამოკიდებულებას, როგორ იქცევი?
– სხვას თუ ვატყობ, რომ ცალმხრივად ვუყვარდები, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ასე არ მოხდეს, ძალიან ცუდად ვიქცევი. შეიძლება, ისეთი რამე ვუთხრა, რომ შევძულდე. ადამიანი რომ დაგდევს, მოსაწონია? წინა ინტერვიუზე შარი მომდეს. როგორ ვთქვი, რომ რეკავდა ადამიანი და ვუთიშავდი – მომშორდი, რა იცი მაგ დროს რას ვაკეთებ-მეთქი?! ეს ფრაზა აიტაცეს, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ მე, თურმე, ძალიან ამბიციური ვარ – მადლობა თქვი თუ გირეკავენო. ისტერიკულად რომ მირეკავს და არ მასვენებს, მე იმაზე ვილაპარაკე, უზრდელ და თავხედ ადამიანებს ვგულისხმობდი, შუბლის ძარღვი რომ არ აქვთ და არა იმაზე, თუ ვიღაცას მოვწონვარ და ამას ნორმალურად გამოხატავს. ვიღაცას რომ მოვწონვარ, ისე მიხარია, არ არსებობს პასუხი არ გავცე თუნდაც სოციალურ ქსელში, მაგრამ ადამიანი ფარგლებს რომ სცდება და უზრდელობაში გადადის, მერე ვბლოკავ. არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ იშორებ, გირეკავენ, გწერენ: ჩქარა მოდი ჩემთან და სულელურ ფოტოებს გიგზავნიან. იგნორს რომ გიკეთებ, დამანებე თავი, იქნება მე ვიღაც სხვა მიყვარს ან მომწონს. მათ, პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემა არ აქვთ.
– ბოლოს კარგი ახალი ამბით დავასრულოთ.
– თებერვალში „ახმეტელის თეატრში“ ძალიან საინტერესო სპექტაკლის პრემიერა გვექნება – „სიყვარული წელიწადში ერთხელ“, მე და თათული ედიშერაშვილი ვთამაშობთ. რეჟისორი ირაკლი გოგიაა, ძალიან მაგარი სპექტაკლია.
http://tbiliselebi.ge