რატომ გგონიათ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ევროპული ტრადიციაა, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის პირველ საჯარო სკოლაში გამართულ ლექციაზე კითხვას, რომელიც ევროპულ ტრადიციებსა და ერთსქესიანთა ქორწინებას ეხებოდა.
“რატომ გგონიათ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ევროპული ტრადიციაა და რატომ გგონიათ, რომ ქართული იდენტობა შეიკრა იმის ირგვლივ, რომ არაფრისდიდებით ერთსქესიანი ურთიერთობები არ დაეშვა. მე როდესაც ვფიქრობ ჩემს კულტურაზე, ვფიქრობ ვეფხისტყაოსანზე, სტუმარ-მასპინძელზე, მრავალჟამიერზე, ვფიქრობ დავით აღმაშენებელზე, რომელმაც ქვეყანაში 400 წლიანი ყოფნის შემდეგ არაბები კი არ ამოწყვიტა, არამედ დაუტოვა მათ პრივილეგიები. ვფიქრობ, 26 საუკუნოვან წარსულზე, როდესაც არცერთხელ არ ყოფილა ებრაელების დევნა. მე ვფიქრობ იმაზე, რომ ამ ქალაქში მეჩეთის, სინაგოგა, გრიგორიანული ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია ერთად იყო. მე ეს ტოლერანტობა მახსენდება. ევროპაშიც, შეერთებულ შტატებშიც, ხან ასეა, ხან ისეა. მე კი არ გეუბნებით, რომ ეს მისაღებია, ან მიუღებელია, მე გეუბნებით იმას, რომ მგონია, ეს არის მოგონილი თემა.
წარმოიდგინეთ, რა მარტივია – იმის მაგივრად, რომ მე დავჯდე და დავიწყო ფიქრი “ვინ ვარ მე”, დავიწყო ფიქრი როგორ იფიქრებდა ილია ჭავჭავაძე, როგორ იფიქრებდა ვაჟა-ფშაველა, დავუბრუნდე რუსთაველს, ჩემს წინაპრებს და ძალიან ასე ვთქვათ, დრამატული ინტელექტუალური პროცესი გავიარო ნებისმიერ ასეთ საკითხთან მიმართებაში, ამის მაგივრად, მე მაძლევენ მზა რეცეპტს, რომ ქართველობა ეს არის ქორწინების საკითხი. ეს საკითხი გადაწყვეტილია. სამოქალაქო კოდექსში გადწყვეტილია ის საკითხი, რომ ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის. ამ თემას არ გააჩნია არავითარი ვნებათაღელვა, არაფერი ხდება მის ირგვლივ. უცებ, პოლიტიკაში მოდის ასეთი პოზიცია, რომ შენ, ქართველო, შენ ხარ ქართველი არა “ბახტრიონით”, შენ ხარ ქართველი არა იმითი, რომ “შუშანიკის წამება” გაქვს, არა – შენ ხარ ქართველი იმიტომ, რომ შენ ერთსქესიანთა ქორწინებას უარყოფ. ჩვენ გარდა ძალიან ბევრი უარყოფს. ეს არ არის თემა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.