ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში IV მექანიზებული ბრიგადის ქართველმა სამხედროებმა კეთილსინდისიერი საქციელით თავი გამოიჩინეს.
„კაპრალმა ნიკოლოზ ფარცვანიამ სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს საფულე იპოვა, სადაც დიდი ოდენობის თანხა იდო. იმავე დღეს მან თავად მოძებნა საფულის პატრონი და დაკარგული ნივთი დაუბრუნა. კეთილსინდისიერად და სამაგალითოდ მოიქცნენ ასევე, უფროსი სერჟანტი მამუკა მელაძე, კაპრალი გიორგი მღებრიშვილი და უფროსი ლეიტენანტი არჩილ შავდათუაშვილი. მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა ადგილას განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა აღმოაჩინეს და მესაკუთრეებს დაუბრუნეს“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელით, ავღანეთის დედაქალაქში დისლოცირებულ IV მექანიზებული ბრიგადის მშვიდობისმყოფელებს მადლობა გამოეცხადათ, ხოლო ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
დღესვე, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში „პირადი მცველის“ ორკვირიანი კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალიც გაიმართა. პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და ავღანეთში თავდაცვის ძალების წარმომადგენლობის მთავარმა სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა რამაზ პაიკიძემ IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.