„მაიას ადგილი ციხეშია“, – ასეთი შეძახილები მოჰყვა „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების მხრიდან ბრალდებულის დის, რუსუდან რჩეულიშვილის განცხადებას.
როგორც რუსუდან რჩეულიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მაია რჩეულიშვილი წინასწარ პატიმრობაში ევროსაბჭოს სტანდარტების დარღვევით იმყოფება.
რუსუდან კერვალიშვილი იმედოვნებს, რომ 1-ელ სექტემბერს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისა და ადამიანებისთვის სამართლიანი იქნება. მისივე თქმით, დაზარალებულებისთვის თანხის ანაზღაურება ერთადერთს, ვისაც შეუძლია, არის მაია რჩეულიშვილი, თუმცა ის პატიმრობაში იმყოფება.
საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე, ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის ეპიზოდის განხილვა გაიმართება, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
დაზარალებულების ინფორმაციით, მათ ბინები 2006 წელს უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა დღემდე არ ჩაბარებიათ. მათივე თქმით, ასევე დამატებით გადაიხადეს სადარბაზოსა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თანხები იმის სანაცვლოდ, რომ მაია რჩეულიშვილი მხოლოდ ამ შემთხვევაში დაჰპირდა კომუნიკაციიის მოწესრიგებას.
თუმცა ეს დაპირება, დაზარალებულების თქმით, სხვა დაპირებებივით შეუსრულებელი დარჩა. ისინი მოითხოვენ მაია რჩეულიშვილთან ერთად პატიმრობაში აიყვანონ: ვახტანგ რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთი ფინანსური ხელმძღვანელი ქეთი ჟორდანია. მაია რჩეულიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ბათუმის „მაგნოლიას“ საქმეზე აქვს შეფარდებული. დღევანდელ განსახილველ საქმეში კი მასთან ერთად ბრალდებული „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურიაა.