საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ინფორმაციით, ავღანეთში, ბაგრამის ბაზასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, ქართველი სამხედროები არ დაშავებულან. მისივე განცხადებით, ეს მისია ძალიან საპასუხისმგებლოა.
მინისტრმა აფეთქების შედეგად აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაღუპულ სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრა.
„სამწუხაროდ, გუშინ ეს შემთხვევა მოხდა. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ამასთან მინდა, განვაცხადო, რომ ამ ინციდენტის შედეგად, ქართველი სამხედროების რიგებში მსხვერპლს, ან დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო მისია. კიდევ ერთხელ ხედავთ, რა საფრთხეების გამკლავება უწევთ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ცნობისათვის, ავღანეთში აფეთქების შედეგად აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო და ერთი კონტრაქტორი დაიღუპა. პენტაგონის ცნობით, აფეთქება ბაგრამის ბაზასთან მოხდა. აფეთქდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. აფეთქების შედეგად, ასევე, სამი ამერიკელი სამხედრო დაშავდა.
ლევან იზორია: ბაგრამის ბაზასთან ინციდენტის დროს, ქართველი სამხედროები არ დაშავებულან
2019/04/09 12:11:43
ნანახია: 755 ჯერ