არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი, შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს მთავრობას, ბიზნესისთვის შესანიშნავი გარემოს შექმნისთვის მადლობას უხდის, – ამის შესახებ შეიხმა სასტუმრო ”ბილთმორ თბილისის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”ჩემო ძვირფასო მეგობარო, პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვაფასებთ, რომ შესანიშნავი ქვეყანა – საქართველო, თქვენი ბრძნული მმართველობის შედეგად, ვითარდება იმ პრინციპების შესაბამისად, როგორებიცაა, მიზანდასახულობა, ერთგულება და იმედი. მას მართლაც რომ შესანიშნავი მომავალი აქვს. დღევანდელი საღამო იმ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ინდიკატორია, რომელსაც ამ შესანიშნავმა სახელმწიფომ მიაღწია. ეს საქართველოს შვილების მიერ თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის გაწეული წარმატებული ძალისხმევის შედეგია. ეს არის შესანიშნავი სიახლე ახალი აბრეშუმის გზით დაინტერესებული პირებისა და მათი ქართველი მასპინძლებისთვის, რადგან თბილისი ახალი აბრეშუმის გზის გულში იმყოფება. რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ულამაზეს ”ბილთმორის“ სასტუმროში შეაბიჯებენ სტუმრები და მასპინძლები. ეს ადგილი მართლაც ღირსშესანიშნავია – მისი წყალობით საქართველოს უმნიშვნელოვანესი სახელი და ისტორია დაუკავშირდება სიახლესა და ინოვაციას, 21-ე საუკუნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას”, – განაცხადა შეიხმა.
შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანის განცხადებით, ”ბილთმორის“ ქსელის პირველი სასტუმრო ლოს-ანჯელესში, ყველასთვის ნაცნობია, განსაკუთრებით კი კინომოყვარულებისთვის, რადგან ის 100-ზე მეტი ფილმის გადაღების ადგილია. შეიხი დარწმუნებულია, რომ კინოს გადაღების ლოკაციის შერჩევისას, ყველა თანამედროვე პროდიუსერი არჩევანს ”ბილთმორ თბილისზე“ შეაჩერებს.