მსოფლიო ტრაგედია – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ჟურნალისტი ანი კიკნაძე სოციალურ ქსელში წერს:
“აღარასდროს იქნება ასეთი… შემდეგი ეპოქის ადამიანები ისწავლიან, რომ 2019 წელს მომხდარმა ხანძარმა გაანადგურა. აღადგინეს, მაგრამ იქიდან წავიდნენ სულები, რომლებიც რვა საუკუნეზე მეტხანს სახლობდნენ… აღარაფერი იქნება ძველებურად და დაისადგურებს ახლადაშანებული სუნი… საღებავების, ცემენტის…
მოკვდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”, – წერს ანი კიკნაძე “ფეისბუქის” გვერდზე და აქვეყნებს ფოტოს წარწერით:
“ამ ფოტოს ხმა აქვეს”
შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შესძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიქვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირობას დებს, რომ შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენენ.
მეხანძრეებმა შეძლეს 850 წლის წინ აშენებული შენობის ქვის მთავარი სტრუქტურა და ორი კოშკი ცეცხლისგან გადაერჩინათ, თუმცა ჭერი ჩამოიშალა.
მთელი ღამის განმავლობაში პარიზის ქუჩები ხალხით იყო სავსე, ისინი ცეცხლმოკიდებულ ტაძარს ადევნებდნენ თვალყურს. ხალხის ნაწილი ტიროდა, ნაწილი კი საგალობლებს მღეროდა. საფრანგეთის დედაქალაქში ღამის განმავლობაში ისმოდა ეკლესიების ზარების რეკვა.