ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ნოტრ-დამი 5 წელიწადში სრულად აღდგენილი იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ განახლებული ტაძარი ბევრად უფრო ლამაზი იქნება.
„ჩვენი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გაცილებით ლამაზი იქნება და დიდი იმედი მაქვს, ამას ხუთ წლის განმავლობაში მივაღწევთ. ეს კატასტროფა უნდა გამოვიყენოთ გაერთიანების შესაძლებლობად. კარგად დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორები ვიყავით და როგორები უნდა გავხდეთ. ჩვენ უნდა გავხდეთ უკეთესები. ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე გვახსენებს, რომ ჩვენი ისტორია არასოდეს დასრულდება. ვიზიარებ თქვენს ტკივილს, თუმცა ასევე ვიზიარებ იმედს. ახლა მოქმედების დროა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
პარიზელები საუკუნოვანი ტაძრის განადგურებას გლოვობენ. სან მიშელის მოედანზე შეკრებილებმა საგალობლები შეასრულეს. ფრანგი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში ზარი 50-ჯერ დარეკეს.