ეს არის პაპუაშვილის და ”ნაციონალური მოძრაობის” სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.
მისივე თქმით, აშკარა პოლიტიკური თამაში წამოიწყო გიორგი პაპუაშვილმა, რაც უკავშირდება ”ნაციონალური მოძრაობის” სარჩელის ვერ მიღებას საარჩევნო კოდექსის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.
“ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ იმ სარჩელით, რომელსაც მხარს უჭერდა გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე და მაია კოპალეიშვილი, საარჩევნო კოდექსის არაკონსტიტუციურად ცნობა უნდოდათ, თუმცა არაკონსტიტუციური იქ არაფერი ყოფილა. ეს გადავამოწმე ვახტანგ ხმალაძესთან, რომელიც არ არის ის კაცი, რომელიც პოლიტიკური ნიუანსისთვის სიმართლის თქმაზე უარს იტყვის. რომ არა ცვლილება კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, საარჩევნო კოდექსს არაკონსტიტუციურად ცნობდა პირველი კოლეგია, რომელსაც ასეთ პოლიტიკურ საქმეებს აწერს გიორგი პაპუაშვილი. მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც გააუქმებდა საარჩევნო კოდექსის ისეთ ნაწილს, რომელიც ქვეყანაში შექმნიდა პოლიტიკურ კრიზისს და სრულ ქაოსს არჩევნების წინ. ამ მიზანს ვერ მიაღწიეს. მოსამართლეების ნაწილი არ დათანხმდა და მათ გადაარჩინეს ქვეყანა უსამართლო გადაწყვეტილებისგან, რომელიც შექმნიდა კრიზისს. მეორე დღეს გამოვიდა გიორგი პაპუაშვილი და ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მარცხისგან გაწბილებულმა გააკეთა განცხადება, რომ ზეწოლა მიმდინარეობს მოსამართლეებზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ის რაც ზედაპირზე ჩანს, ფაქტია ქვეყანაში ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ არაერთხელ გაცხადებული მიზანი, რომ შეექმნათ ქაოსი და ჯოჯოხეთი, როგორც ამას აცხადებდა ნიკა გვარამია.
”სააკაშვილი ინსტრუქციებსაც იძლეოდა როგორ უნდა დაღვრილიყო რომელიმე ჟურნალისტის სისხლი. ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ”რუსთავი 2”-ის, კაბელების, საარჩევნო კოდექსის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი ძალიან სურათს აჩვენებს. ეს ბრძოლა გიორგი პაპუაშვილს კიდევ არ დაუმთავრებია. 4 სარჩელია შესული – 2 ნაციონალური მოძრაობის, 2 ვიღაც მოქალაქის მიერ, რომლებითაც ითხოვენ იმ კანონის გაუქმებას, რომელიც პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით და რომელზეც პოზიტიური დასკვნა გააკეთა ვენეციის კომისიამ. აღარც ვენეციის კომისიას ითვალისწინებენ, აღარც პარლამენტს, აღარც კონსესუსს პარლამენტში ამ კანონთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის საგანგებო მნიშვნელობის, რადგან საგანგებო კრიზისული ვითარების შექმნას საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. თავმჯდომარე ცდილობდა.
”არანაირი ბერკეტი ხელისუფლებას არ გააჩნია. ბერკეტი და გამოსავალი არის ერთი, რომ მოსამართლეების ნაწილმა გაითვალისწინოს ის თუ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის ერთადერთი ბერკეტი. ეს არის პაპუაშვილის და ”ნაციონალური მოძრაობის” სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება”, – აღნიშნა ვოლსკიმ.